საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ინტერეს ჯგუფი უერთდება ევროპა ნოსტრას მიერ 2025 წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებას.
ევროპა ნოსტრა, ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც 40-მდე ქვეყანას აერთიანებს, სოლიდარობას უცხადებს საქართველოში ევროპული ღირებულებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლებს.
იხილეთ ტექსტი „ევროპა ნოსტრას“ ოფიციალურ ვებსაიტზე: https://www.europanostra.org/europa-nostra-issues-statement-of-solidarity-with-civil-society-and-heritage-activists-defending-european-values-in-georgia/
ქვემოთ იხილეთ ტექსტის ქართული თარგმანი.
2025 წლის 12-15 ოქტომბერს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სამიტის ფარგლებში ბრიუსელში გამართული დისკუსიების, ასევე სამი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მიმდინარე წელს შემუშავებული ერთობლივი განცხადებისა და ინიციატივის - „კულტურული შეთანხმება ევროპისათვის“ - შესაბამისად, ევროპა ნოსტრა ურყევ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, კერძოდ კი, საქართველოს კულტურის მუშაკებს, მემკვიდრეობის სპეციალისტებსა და მოხალისეებს, რომლებიც მედგრად იცავენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მათ შორის კულტურულ უფლებებს, კანონის უზენაესობას და გამოხატვის თავისუფლებას.
საქართველო ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი ქვეყანაა 2023 წლის დეკემბრიდან. ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა და სამართლებრივმა პროცესებმა, მათ შორის გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ და სადავო კანონების მიღებამ, როგორიცაა „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, დიდი ზიანი მიაყენა მემკვიდრეობის უამრავი სპეციალისტის, მოხალისისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლის პროფესიულ საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას.
2025 წლის ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სამიტმა, რომელიც წარიმართა დევიზით „მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია ევროპისათვის“, საგანგებო ყურადღება დაუთმო ევროპის საერთო ღირებულებებს. სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა სასიცოცხლოა ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან ხელს უწყობს მდგრად განვითარებას, სოციალურ ერთობას და მოქალაქეთა კეთილდღეობას.
ბრიუსელის სამიტზე ჩვენ ნათლად წარმოვაჩინეთ, რომ მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმები მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით კულტურულ უფლებებს, კანონის უზენაესობასა და კარგი მმართველობის პრინციპებს. დღეს ეს პრინციპები საქართველოში უმოწყალოდ ირღვევა. საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ მისი მოქალაქეებისა და თემების ღირსებასა და სიცოცხლეს.
ქვეყნის მზარდი იზოლაცია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეთა სულ უფრო დიდი ნაწილი მკაფიოდ გამოხატავს პროევროპულ მისწრაფებებს, საფრთხის ქვეშ აყენებს იმ მნიშვნელოვან ევროპულ და საერთაშორისო მხარდაჭერას და თანამშრომლობას, რომელიც აუცილებელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.
სწორედ ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტმა მხარდაჭერამ უზრუნველყო რიგი მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის ობიექტის დაცვა საქართველოში; მათ შორის ისეთი ინიციატივის, როგორიცაა, ”მოქალაქეთა მიერ ცისკარაულის კოშკის რეაბილიტაციის პროექტი ახიელში”, რომელმაც 2024 წელს მოიპოვა ევროპული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო და ასევე გრან-პრი, უმაღლესი ჯილდო, მოქალაქეთა ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების კატეგორიაში.
ვაფასებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და აქტიური კულტურული თემი არ თმობს დემოკრატიული და ევროპული მომავლის ხედვას. ხელოვანები, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები, მუსიკოსები, მწერლები და კულტურის სხვა მუშაკები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, უკვე თითქმის ერთი წელია, სათავეში უდგანან მშვიდობიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის შთამბეჭდავ მოძრაობას. ისინი იცავენ და ინარჩუნებენ ევროპულ ღირებულებებს — დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და გამოხატვის თავისუფლებას. შედეგად, ისინი სულ უფრო ხშირად ხდებიან პოლიტიკური დევნის, უკანონო დაკავებების, მედიის ცენზურისა და მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლნი.
შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, ერთმნიშვნელოვნად დაგმოს საქართველოში სამართლებრივი ჩარჩოს მუდმივი გაუარესება, კულტურის მუშაკთა დაკავება, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმის ჩახშობა და საქართველოს მიზანმიმართული გარიყვა დანარჩენი ევროპისგან.
ეს სამარცხვინო ქმედებები საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის დემოკრატიას, ისე მის უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ევროპის საერთო მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს, აგრეთვე ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მტკიცედ დაუდგნენ მხარში საქართველოს ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიისა და კუთვნილი ევროპული მომავლის მხარდასაჭერად.